შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა "ქართლის ამბებს" განუცხადა, რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანი ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის მიზეზით.

"ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.