მოლოდინი გვაქვს, რომ პროკურატურა დააყენებს პატიმრობის შუამდგომლობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადვოკატებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს, რომ სასამართლო პროცესს თავად ნიკა მელიაც დაასწრონ.

"გუშინ ნიკასთან მიმართებით კრიმინალური აქტი ჩაიდინეს, გაიტაცეს. დღეს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვთხოვეთ წერილობით, რომ უზრუნველყონ ნიკა მელიას ეტაპირება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ დეტალურად მოჰყვეს, რა მოხდა გუშინ, როგორ დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ველოდებით, რომ მოახდენენ მის ეტაპირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი ვერ ჩატარდება. ბრალდებულის უფლებაა, ესწრებოდეს მის მიმართ გასამართ პროცესს.

დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ პროკურატურა დააყენებს პატიმრობის შუამდგომლობას", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული. მელია გუშინ ლისის მიმდებარედ დააკავეს.