"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 23 ივნისისთვის გადაიდო. 

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, პროცესის გადადების მიზეზი საქმის მასალების ნაკლებობაა, თუ როგორ დააკავეს ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ, რის გამოც, ვადა მოითხოვეს შესავალი სიტყვის მოსამზადებლად. 

"დღემდე დაცვის მხარეს არ გვაქვს არცერთი დოკუმენტი, რა დაედო საფუძვლად ნიკას დაკავებას და გატაცებას და არანაირი მტკიცებულება არ გასაჯაროებულა და ადვოკატებს მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული მტკიცებულებები არ გადმოგვცემია.  შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას გაგვეარა ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციაები და აქედან გამომდინარე მოვითხოვეთ ვადა, რომ მოგვცემოდა დრო შესავალი სიტყვის მოსამზადებლად. ეს გახდა საფუძველი, რომ პროცესი გადაიდო 23 ივნისს.

ჩვენ მივმართეთ ყველა უწყებას, შსს-ს, სახალხო დამცველს, რომ გასაჯაროვდეს კადრები, რომ გადმოგვეცეს საქმის მასალები, მაგრამ ორი კვირაა დაახლოებით გასული აღნიშნული უკანონო დაკავებიდან და დღემდე ჩვენ, დაცვის მხარეს ერთი დოკუმენტიც კი არ გადმოგვცემია", -  განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

სასამართლო პროცესზე 23 ივნისს მოწმე პოლიციელების გამოკითხვაა დაგეგმილი.  

ნიკა მელია ლისის მიმდებარედ 29 მაისს დააკავეს. მას გამოძიება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.