შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1985 წელს დაბადებული თ.ც. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა, რომელსაც უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.