საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე დღეს, მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 1 დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 1 დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.