მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციით.

"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას საქართველოში იმ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. 

აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია.

კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მა შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ახლა ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის თვალსაზრისით, რაც, ჩვენი რწმენით, ისევ რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად", - განაცხადა ვედანტ პატელმა.