საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივნისს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ჩხუბში მონაწილე ალ. ყ.-მ დანისმაგვარი საგნის გამოყენებით დაჭრა ორი პირი. ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმა ალ.ყ.-ს თავის და სხეულის არეში მრავალჯერ მიაყენეს დაზიანებები. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის ალ.ყ. გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი გახდა შეუძლოდ და საიდანაც მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ალ.ყ. 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულ სამ პირს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა ალ.ყ.-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ შესაძლოა მოხდეს წარდგენილი ბრალდების დამძიმება.

ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 7 ივნისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.