სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ, სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად, მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ.

"ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით შსს ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ვიდეოში ასახული ქმედების გამო დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა სასამართლოს მიუთითეს, რომ ვიდეოები არ იყო გადაღებული მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მოსამართლემ აღნიშნული მითითება და წარდგენილი მტკიცებულება არ გაითვალისწინა და არც ის მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ეს კადრები ადასტურებს მზია ამაღლობელის მიერ 173-ე მუხლის ჩადენის ფაქტს, რადგან მასში არ არის ასახული მზია ამაღლობელის რაიმე უკანონო ქცევა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეო მასალა გახდა მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, ხოლო მისი პირველი დაკავება ასევე დაკავშირებულია სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან და მისი პატიმრობა დღემდე დასაბუთებულია სწორედ ამ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ ახალი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ (ა) პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე და (ბ) პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს. ვიდეო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ, სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332- (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 369-ე (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და 370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. საჯაროდ მივმართავთ გენერალურ პროკურორს უმოკლეს დროში გვაცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე ეფუძნება სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.