შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს  ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, 4 პისტოლეტი, რევოლვერი, მჭიდები და 265 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.