ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის პალატაში საკვები ჰქონდათ დატოვებული, ადვოკატის მითითების შემდეგ კი გაიტანეს.

"როდესაც ადვოკატი შევიდა მზიასთან დღეს პალატაში აღმოჩნდა, რომ საკვები უდევს იქ და მოშიმშილე ადამიანს იქ საკვები არ უნდა ედოს. ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას კი უნდა შესთავაზონ საკვები ყოველდღიურად, მაგრამ იქ არ უნდა ედოს, როდესაც ის უარს აცხადებს საკვებზე, ამიტომ როგორც კი ადვოკატმა ეს შენიშვნა მისცა შემდეგ გაიტანეს ეს საკვები", - განაცხადა მწარიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

დღეს ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა "ვივამედში" მოინახულა.

მისი განცხადებით, მზია ამაღლობელს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლას აგრძელებს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელის თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებმა შეწყვიტონ შიმშილობა.