ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველ ივნისს, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მრავალი აქტივობა გაიმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში შედგება.

ამ დღეს დაგეგმილი აქტივობების შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

"ახლოვდება პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც ტრადიციულად გამორჩეული სიყვარულით აღვნიშნავთ. უამრავი პატარა ელოდება ამ დღეს. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვექნება არაერთი აქტივობა. ცენტრალური ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, სადაც განსაკუთრებული პროგრამა ელოდება ჩვენს პატარებს. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე.

გვექნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები. ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო სანახაობა გელოდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.