გლდანის რაიონის გამგეობა მესამე მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

"გლდანის მესამე მიკრორაიონში მიმდინარეობს კორპუსებს შორის არსებული სივრცის მოწესრიგება, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ტერიტორიაზე განთავსებული იყო გამოუყენებელი ფარეხები. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და თანამშრომლობით, განხორციელდა ათამდე ფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აღნიშნული სივრცე გამოყენებული იქნება რეკრეაციისთვის. სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებასაც, დაახლოებით, ორი-სამი კვირა დასჭირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასეირნო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, სატრენაჟორი სივრცე. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები. სამუშაოების მეორე ეტაპი დაგეგმილი გვაქვს მომავალ წელს. აქვე, კორპუსებთან არსებული 3 000 კვ.მეტრი მთლიანად მოწესრიგდება. იქაც გვაქვს ფარეხები, განხორციელდება მათი დემონტაჟი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, N3ა–3ბ კორპუსებთან უკვე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ტარდება გამწვანების სამუშაოები, იგება ბალახი და ირგვება ხე-მცენარეები.

პროექტის მიმდინარეობას, თბილისის მერთან ერთად, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.

აღნიშნულ სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 369 000 ლარამდე დაიხარჯება.