"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

"ამ რეჟიმს უნდა, რომ შეგვაშინოს, სახლებში დაგვტოვოს, მაგრამ არ გამოუვათ არანაირად, იმიტომ, რომ ყოველი მათი ბოროტი ნაბიჯის შემდეგ ხალხის მუხტი უფრო და უფრო მოდის. "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია" შეძახილის გამო გამასამართლეს, რომელსაც დღეს საღამოს რუსთაველზე აუცილებლად გავიმეორებ ისევ", - განაცხადა ლიკა ლორთქიფანიძემ.

17 მაისს კაფეში მყოფ "ქართული ოცნების“ დეპუტატთან მარიამ ლაშხთან აქტივისტები მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მისი სარჩელის საფუძველზე თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.