შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის სამადლობელ წერილშია აღნიშნული.

დეკანოზი მადლობას უხდის ოჯახს, მეგობრებს, სულიერ შვილებს, უფლებადამცველებს, ემიგრანტებს, მედიას.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს", - წერს დეკანოზი.