ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარების ფაქტს ნანუკა ჟორჟოლიანი "ტვ პირველის" ეთერში აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილი რაიმე დიდი ამბის გადაფარვას ცდილობდეს.

ტელეწამყვანი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" ასეთი ქმედება შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილის, მათე დევიძის, სინდისის 8 პატიმრის ხვალინდელ სასამართლო პროცესს უკავშირდებოდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს საათებში ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" რაღაცას ფარავს. ხვალ არის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი. მე სოლიდარული ვარ. არსებობს ეჭვი, რომ მას წარმოუდგენლად დიდ პატიმრობას ელოდება, რომელსაც ის არ ელოდება. მეორე, ხვალ დილით არის 8 პატიმრის პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათე დევიძე. ხვალ შესაძლოა, მათე დევიძის საქმეზე მოსამართლემ გამოიტანოს განაჩენი. ეს არის ბიჭი, რომელმაც პროცესზე ერთადერთი წინადადება თქვა და ისიც ის, რომ გიტარა ენატრება. ხვალ "ქართული ოცნება" რაღაცას ფარავს, რადგან ეს ისტერიული ფაღარათი, რომელიც დღეს გამართეს, გამორიცხულია, რაღაცისკენ მიმართული არ იყოს", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

"ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული ფეისბუკპოსტების გამო სასამართლოში ხვალ დაბარებული არიან - ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიამ გეგუჩაძე, ელენე ხოშტარია, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი, გიორგი ქადაგიძე, ვახო სანაია, მიშა მშვილდაძე, ვიკა ბუკია, ეკა მიშველაძე, დეა მამისეიშვილი, ანა სუბელიანი, ბაია პატარაია, გიორგი ტუმასიანი.