დაკავებულ აქტივისტს და პედაგოგს ნინო დათაშვილს 6 აგვისტოს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მასთან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით მაღრაძე იმყოფებოდა.

აღნიშნულ ექსპერტიზას თავად ნინო დათაშვილი სამარცხვინოდ მიიჩნევს.

მისი თქმით, ეს რეპრესიებია მის მიმართ.

"მოსამართლის განჩინება რომ მომიტანეს, ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარების შესახებ, ჩემთვის სამარცხვინო ფურცელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ეს არის რეპრესია ჩვენს მიმართ, ადვოკატებზე აწარმოეს კამპანია, რომ ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზაო.

პროკურატურას ეკითხა ჩემთვის, იქნებ მინდოდა მე ექსპერტიზა. ციხეში  კვირაში ორჯერ ვბანაობ და იქ თურმე ყოველდღეა და იქნებ მინდოდა ბანაობა.

მკურნალი ექიმები და ნეიროქირურგები ფსიქიკურ დიაგნოზს არ წერენ. არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ. ბევრს არ მიუწვდება ფსიქიკურ მკურნალობაზე ხელი, მათ ეუბნებიან, ადგილი არ გვაქვსო. ბევრი მოსწავლე  გადამიმისამართებია ფსიქიატრთან. ფსიქიატრთან არანაირი პრობლემა არ მაქვს მე.

ჩემმა ადვოკატებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტაცია იმიტომ წარმოადგინეს ჩემი 2019 წლის ფორმა ასი,  რომ ამის ფრიალი არ გვინდოდა, თუმცა პროკურატურამ გახადა ჩემი განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია საჯარო და განხილვის საგანი. მხოლოდ იმიტომ ამოვიღეთ ხმა, რომ ეს არ გამხდარიყო პრეცედენტული საქმე", - განაცხადა ნინო დათაშვილმა.

ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.