საბურთალოს გამგეობა რაიონში სამი ქუჩის - მერაბ ალექსიძის, ბერბუკის და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ერთიანი პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები ბერბუკის ქუჩაზე მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება ხდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გამოიცვალა დაზიანებული წყლის მილები.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის  საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი; დამონტაჟდება გარე განათების სისტემა; მოეწყობა ზებრა გადასასვლელები, რომელიც აღჭურვილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით და ტაქტილური ბილიკებით; მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები.

სამივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 2 300 000 ლარია.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილებისთვის ქუჩებზე გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული. სატრანსპორტო სქემა შედგენილია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მიერ.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტის წევრი საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.