შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

მეუფის თქმით, ირაკლი დგებუაძე სილის გაწვნის გამო ქალს 4-დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს. 

"შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა [ირაკლი დგებუაძე] სასამართლოზე განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს.

მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ.

ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები – შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს. 
“რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” .
მიუტევეთ და მოგეტევებათ”, – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.