საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე სახის შეზღუდვა არასოდეს დაუწესებია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული შეფასებები სიმართლე არ არის.

"სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის“, - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 

30 ივლისს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.

3 აგვისტოს ლანა ლატარიას მამამ ზაალ ლატარიამ, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.