პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

შეკრებილი მოქალაქეები და ამაღლობელის კოლეგები - ჟურნალისტები მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ. მათი განცხადებით, მზია ამაღლობელმა საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მიაყენოს და სიცოცხლე სასწორზე არ დადოს.

აქციაზე ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელისთვის გასაგზავნი ერთობლივი განცხადებაც წაიკითხეს.

"მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. 

მე-11 დღეა, შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს.

ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

"ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.