ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, რომ "დინამო არენას" სრული ტევადობით ვერ გამოიყენებენ, რაც პრობლემაა.

"როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.

ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციიდან, მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია", - განაცხადა კობიაშვილმა.

საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის 3 მატჩს მასპინძლობს. სამივე მატჩი მესხისა და ბათუმის სტადიონებზე გაიმართება, რომლებიც დინამო არენაზე ორჯერ ნაკლებ მაყურებელს იტევს.

ფედერაციის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტადიონი ამორტიზებულია. სპორტულ წრეებში კი მიაჩნიათ, რომ დინამოს დირექტორს რომან ფიფიას "რუსული კანონის" საწინააღმდეგო მოსაზრების ღიად დაფიქსირებას არ პატიობენ.