უკრაინა და შეერთებული შტატები კიევისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს შეუძლია უკრაინისთვის ყველაზე მეტი დახმარების გაწევა საჰაერო თავდაცვის რაკეტების კუთხით.

"აშშ უკრაინას Patriot-სთვის რაკეტებს ყოველთვიურად მიაწვდის. ჩვენ შეთანხმება გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ეს რაკეტები საკმარისი არ იქნება.

ბოლო დროს რუსებმა უკრაინის ქალაქებზე საჰაერო დარტყმები გააძლიერეს. Patriot-ის სისტემების რაკეტების დეფიციტის გამო, უკრაინა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას ვერ ახერხებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს, არ გადადონ ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემების მიწოდება, რადგან დაგვიანება უკრაინელებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.