"დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი,  არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული - არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ის სენატში "მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის ჩავარდნის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ტყუილებზეა დაფუძნებული და მისი  მიღება ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. 

"ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლით, უნდა მოხდეს გადატვირთვა. ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო  ძალიან მძიმე - ჩვენ უამრავი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, რომ ჩვენი სურვილია, ურთიერთობები აღდგეს და დაიწყოს ახალი ფურცლით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ცხადია, თუ აქტის მიღება მოხდებოდა, რომელიც  მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.