არც "ლელოს" წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მით უმეტეს არც "ალდეს", საიდან უნდა გამრიცხონ?, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ალეკო ელისაშვილი "ოცნებას" მოუწოდებს, გაემიჯნოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

"პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი ან უვიცი ხარ, ან მავნებელი. 

ამხელა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვარო რომ იძახი, ადამიანის უფლებებს რომ არ აღიარებ გასაგებია, მაგრამ არც კანონს იცავ, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას. 

როგორც ჩანს, ძალზე შეშინებულია და ბოლო დროს მხოლოდ ჩემზე ფიქრობს. არ იდარდოს, საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში ვარ გამოკეტილი, ვერაფერს დავუშავებ. შეუძლია თავად მოვიდეს, ნახოს. აქაურობასაც შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ და იქნებ ადამიანის უფლებებიც უკეთ განვუმარტო. 

ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები. 

ეს ყველაფერი ძალიან კარგად  იციან "ოცნებაშიც", ამაზე არიან გამწარებულები, აიჩხლართნენ, ხან რომელი ერთობიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას და ხან რომლიდან. არც "ლელოს" წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მით უმეტეს არც "ალდეს", საიდან უნდა გამრიცხონ?

თავად "ოცნებას" კი მოვუწოდებ გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს", - წერს ალეკო ელისაშვილი.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ორშაბათამდე აქვთ დრო „ალდეს“, „ძლიერ საქართველოს“ და „მოქალაქეებს“, გაემიჯნონ ალეკო ელისაშვილის ქმედებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გახდებიან ტერორისტის მფარველები".