კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი, - ამის შესახებ ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს, პირის ბრალეულობის შექმნას მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნისა და მოვლენებთან ზოგადი კავშირის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივ სტანდარტებს და შესაბამისი მუხლების კომენტარებს. 

"ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულს ჰქონდა  განზრახვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. განზრახვა არ შეიძლება ვარაუდით, ან ზოგადი გარემოებებით დადგინდეს, ის უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში  საერთოდ არ არსებობს.

ბრალდების მხარე ცდილობს, პირის ბრალეულობის შექმნას მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნისა და მოვლენებთან ზოგადი კავშირის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივ სტანდარტებს და შესაბამისი მუხლების კომენტარებს.

ბრალდებულის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია არა უბრალოდ ადგილზე ყოფნა, არამედ აქტიური, მიზანმიმართული და დანაშაულებრივი განზრახვა, სწორედ ეს ელემენტი აკლია სრულად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა სანდო დასკვნის საფუძველს ბრალდებულის ჩართულობის შესახებ. 

ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას. ბრალდებული არ მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, ან ძალადობის კოორდინირებაში. 

გონივრული ეჭვი არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ მკაფიოდ დადასტურებულ ფაქტებსაც ეწინააღმდეგება. 
კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძისა და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს იტყვის. პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.