შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.