სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არცერთი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის მთავარი აქცენტი წუთნახევრიან კადრზე კეთდება, სადაც საუბარია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან - პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, თუმცა ეს კადრი არ შეიძლება შეფასდეს რაიმე ტიპის კრიმინალურ ქმედებად.

"სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არცერთი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. პროკურატურის მთავარი აქცენტი წუთნახევრიან კადრზე კეთდება, სადაც საუბარია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან - პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, თუმცა ეს კადრი არ შეიძლება შეფასდეს რაიმე ტიპის კრიმინალურ ქმედებად, რადგან აქციის ორგანიზება კანონმდებლობის მიხედვით, დასჯადი არ არის, ასევე დადასტურდა, რომ ეს ადამიანები, ამ აქციის ორგანიზატორებიც კი არ იყვნენ და იმ ვიდეოჩანაწერს სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და არავითარ ფუნქციურ როლს ეს ხალხი არ ასრულებდა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.