საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, დეკანოზ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კარნახით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) გამორჩევასთან არის დაკავშირებული.

საპატრიარქოს ცნობით, ტექსტი ჩაწერილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევიდან მეორე დღეს (24.11.2017).

"ურთულესი დროა, პრიორიტეტები იცვლება. მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი.

ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომელიც აქამდე არ ყოფილა, როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია. როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ, რატომ ვაკანონებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს, მნიშვნელობა არ აქვს კანონებს.

პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგ., ჩემს შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა.

ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს: გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე.

მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს. შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.

პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილი იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.
ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა", - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.