კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული.

"2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.