ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის სამხედრო დარტყმები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიაში "გარდამტეხი მომენტი“ იყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა. 

"ჩვენ ოპერაციის მეათე დღეზე ვართ. ჩვენ ბევრ მიზანს მივაღწიეთ, მათ შორისაა ირანის ბირთვული პროგრამისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ბირთვულ ობიექტებზე ძალიან ზუსტი და შთამბეჭდავი დარტყმით, ჩვენ კამპანიაში გარდამტეხ მომენტს მივაღწიეთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა.

ზამირის თქმით, ეს დარტყმა შესაძლებელი გახდა ამერიკელი პარტნიორების გაბედული ლიდერობისა და მათი ერთობლივი დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევის შედეგად.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმვის თვეების განმავლობაში ის მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან.

"არ უნდა დაგვავიწყდეს: კამპანია გრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამიზნეები და შესასრულებელი ამოცანები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დარტყმების ტემპის გაზრდას ოპერატიული გეგმის შესაბამისად და მზად ვართ გავაგრძელოთ მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ფრონტზე ფხიზლად და მზადყოფნაში რჩება.

"ისრაელის თავდაცვის ძალებმა აჩვენა თავისი მონდომება და შესაძლებლობები - ყველა, ვინც ჩვენს გამოწვევას შეეცდება, მაღალ ფასს გადაიხდის. ჩვენ არ დავთმობთ ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ზამირმა.