რუსეთი ევროპაში ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს. უკრაინულ დაზვერვას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს მან მოისმინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მოხსენება, რომელმაც რუსეთში, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში არსებულ ვითარებაზე ბევრი დეტალის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ვხედავთ აგრესორი სახელმწიფოს მთავარ მტკივნეულ წერტილებს და შესაბამისად დარტყმას განვახორციელებთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, ასევე რუსეთის აგრესიის პოტენციალის მნიშვნელოვნად შესამცირებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინის დაზვერვა რუსეთის ხელმძღვანელობის „შემდგომ ინტელექტუალურ რეგრესს“ აფიქსირებს.

"არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ. ჩვენ ასევე ვაფიქსირებთ ძალიან ხელშესახებ დანაკარგებს, რომლებსაც სანქციები რუსეთის ეკონომიკურ სისტემას აყენებს, რაც ადასტურებს ჩვენი კურსის სისწორეს, რომ რუსეთი აიძულოს ომის დასრულება სანქციების გაძლიერებით და სხვა ზეწოლით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აცნობებს თავის პარტნიორებს დაზვერვის მიერ მიღებული ფაქტების შესახებ და ასევე ამზადებს ერთობლივ გადაწყვეტილებებს ერთობლივი თავდაცვისთვის. კერძოდ, დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან.