ირანი მხარს უჭერს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმების განხორციელებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაარღვევს რეგიონის სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერისას თეირანის მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

"ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩო, ევროპისკენ ან ჩრდილოეთისკენ ჩვენი გზის არდაბლოკვა - იქ გათვალისწინებული იყო ყველაფერი, რაც სისტემის ხედვის არეში იყო. ერთადერთი, რაც შეშფოთებას იწვევს, არის ის, რომ სომხურ და ამერიკულ კომპანიას სურს ამ გზის მშენებლობა“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოთქვა შეშფოთება ამ პროექტში "ამერიკული კომპანიის შესაძლო ყოფნის“ გამო.

"რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ჩვენი შეშფოთება და რეგიონში ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ უცხოურ ყოფნას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა მან.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მთიან ყარაბაღში. 2020 და 2023 წლებში ბაქომ რეგიონზე კონტროლი აღადგინა და გაათავისუფლა მისი ტერიტორიები, "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ" არსებობა 1 იანვრიდან შეწყვიტა.

2025 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მას "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება და ითვალისწინებს ზანგეზურის დერეფნის გავლით სატრანზიტო გზის შექმნას, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ირანისა და რუსეთის გვერდის ავლით დააკავშირებს.

ამ შეთანხმებაში შუამავლის როლს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასრულებდა. ამერიკული კომპანია დერეფანს 99 წლის განმავლობაში მართავს გაფართოების შესაძლებლობით.

ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი აქბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი "ტრამპის დაქირავებული ჯარისკაცების კარიბჭე კი არა, მათი სასაფლაო“ იქნება.

მან კორიდორს „პოლიტიკური შეთქმულება“ უწოდა და აღნიშნა, რომ თეირანი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ზანგეზურის კორიდორის, რადგან ის საზღვრებს შეცვლიდა, სომხეთს დაშლიდა და ირანს რეგიონში წვდომას შეუზღუდავდა.