ვთხოვ ვაშინგტონს, ბრიუსელს, ლონდონს, ამ გადაწყვეტილებას გადახედონ და საქართველოზე დარჩეს გამავალი ერთადერთი გზა აბრეშუმისა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის გზაზე ტვირთებს დიდი პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს და სჯობს, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გამავალი გზა.

"როგორც ნათქვამია, მავრმა გააკეთა თავისი საქმე - რუსმა ოლიგარქმა, დიქტატორმა, ტირანმა ეს წლები იმდენი აგინა ამერიკა და ევროპა, ისეთი ანტიატლანტიკური პლატფორმა შექმნა საქართველოში, რომ ეს დემოკრატიული სამყარო იძულებული გახდა, ეძებნა ახალი კორიდორი, ახალი აბრეშუმის გზა, ახალი მაგისტრალი, რომელიც გვერდს აუვლიდა საქართველოს, არადა ეს ფუნქცია ჩვენს ქვეყანას ბუნებით ეკავა და იყო ქართველების განმგებლობაში, ეს გახლდათ უსაფრთხოებაც, მომავალიც, განვითარებაც და ყველაფერი, რაც უკავშირდება ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას და აი, დღეს უკვე სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმატში გამოინახა ალტერნატივა საქართველოსი, ალტერნატივა აბრეშუმის გზის ზანგეზურის კორიდორის სახელწოდებით და ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული რუსი საჩხერელი ოლიგარქისა, რომელმაც წინ გაუსწრო ორჯონიკიძის, შადიმანის და ყველა ჩვენი მოძულე შიდა მტრის საქმიანობათა შედეგებს. ეს ცვლილება იქნება საუკუნოვანი.

პირადად მე დავესწრები ივანიშვილის სასამართლო პროცესს პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სახალხო ბრალმდებლად, როცა ის მოთავსებული იქნება იზოლატორში.

ამასთან, მე მოვუწოდებ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-ს და ევროკავშირს - მეგობრებო, არ არის ზანგეზური უსაფრთხო, ზანგეზურის სამხრეთით ბობოქრობს აიათოლების ირანი და როდის რა დესტაბილიზაცია დაიწყება ამ ქვეყანაში, არავინ არ იცის. ასევე, აზერბაიჯანის საოჯახო დინასტიური ტირანიული მმართველობა არ არის თქვენთვის საიმედო პარტნიორი აბრეშუმის გზაზე ტვირთების გატარებისათვის, ისევე როგორც, სომხეთში არსებული რუსული გიუმრის სამხედრო ბაზა დესტაბილიზაციის წყარო იქნება ამ მიმართულებაზე, აღარაფერს ვამბობ თურქეთის ტერიტორიაზე ქურთებით დასახლებულ რეგიონებზე, სადაც ეს მიმართულება გაივლის და ქურთები - 50 მილიონიანი ერი არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და იქ ყოველთვის იქნება დიდი მოულოდნელობები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ვაშინგტონს, ბრიუსელს, ლონდონს - ამ გადაწყვეტილებას გადახედონ და საქართველოზე დარჩეს გამავალი ერთადერთი გზა აბრეშუმისა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.