თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ ძალაში დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საფუძვლით 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. შსს-ს წარმომადგენელი პროცესს არ დასწრებია.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული ჯარიმა არ გააუქმა და ამით „რეჟიმის დირექტივას დაემორჩილა“. მისი თქმით, საქმეში არსებული ვიდეოკადრები გზის გადაკეტვის პროცესში მის მონაწილეობას არ ადასტურებს.

„რეჟიმის მიერ გრძელდება პოლიტიკური ოპონენტების ფინანსური ტერორი და სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენება. დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა პროცესზე მოსვლაც კი არ ჩათვალა საჭიროდ, რადგან წინასწარ იცოდა შედეგი“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს გაუსწორდეს ყველას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის. „ხვალ ნებისმიერი შეიძლება გახდეს სამიზნე, ამიტომ გამოსავალია უსამართლო მოსამართლეების დასანქცირება, ბრძოლის გაგრძელება და პოლიტიკური ცვლილებები ერთობით“, – აღნიშნა მან.

შსს გიორგი კაპანაძეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება.