გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ბერლინი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება ახლო აღმოსავლეთში დეესკალაცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

ვადეფული ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით იმყოფება. მან განაცხადა, რომ ცდილობს ხელი შეუწყოს ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაციას და აღნიშნა, რომ თეირანმა ადრე ვერ გამოიყენა კონსტრუქციული მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

"ვიმედოვნებ, რომ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. გერმანია, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, მზადაა. ჩვენ ირანს ვთავაზობთ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს, იმედი მაქვს, რომ (შეთავაზება) მიღებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბირთვული შეთანხმების მიღწევა მშვიდობის მიღწევის მთავარი წინაპირობაა, რათა ირანმა საფრთხეს არ შეუქმნას რეგიონს, ისრაელს ან ევროპას. 

"არსებობს საერთო მოლოდინი, რომ ორივე მხარემ მომდევნო კვირაში სერიოზული ძალისხმევა უნდა გაიღოს ძალადობის სპირალის გასარღვევად“, - აღნიშნა ვადეფულმა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ირანის რეჟიმი დაეცემა, გერმანელმა მინისტრმა უპასუხა, რომ ისრაელს არ ჰქონდა განზრახული თეირანში მთავრობის დამხობა.

13 ივნისის ღამეს, ისრაელის ავიაციამ ირანში სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს, მათ შორის ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების უდიდეს ობიექტს. მედიის ცნობით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა. ის 14 დღის განმავლობაში იგეგმებოდა. ირანში ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს სულ მცირე 20 მაღალი რანგის ირანელი მეთაური დაიღუპა. ასევე, ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს.

საპასუხოდ, მომდევნო ღამეს, 14 ივნისს, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა ისროლა. 15 ივნისის ღამეს ორივე ქვეყანამ კვლავ განახორციელეს დარტყმები. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანში 170 სამიზნეს შეუტიეს. მედიის ცნობით, მნიშვნელოვანი ქარხნები განადგურდა. ისრაელში ირანის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 385 დაიჭრა.