საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე იყო.