მოლდოვაში ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური ბლოკი, რომელიც პრორუსული შეხედულებების მქონე ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ჩამოაყალიბა.

მოლდოვას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პატრიოტული საარჩევნო ბლოკი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა. ეს პრორუსული პარტიების ლიდერების გაერთიანებაა.

არჩევნებში მონაწილეობისთვის ბლოკის წარმომადგენლებმა ცესკოს კანდიდატების სრული სია უნდა წარუდგინონ.

22 ივლისს, სოციალისტების პარტიის, კომუნისტების პარტიის, პარტია "მოლდოვას გულის“ და პარტია „მოლდოვას მომავლის“ ლიდერებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო ბლოკში გაერთიანების გეგმები გამოაცხადეს.

უკვე 29 ივლისს, სამი პრორუსული პარტიის ლიდერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის დოკუმენტები წარუდგინეს.

შემდეგ სოციალისტების პარტიის ხელმძღვანელმა იგორ დოდონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლოკი ჯერჯერობით მხოლოდ სამ პოლიტიკურ წარმონაქმნს მოიცავს, თუმცა ის კომუნისტური პარტიის გაწევრიანებასაც ელის. იმავე დღეს, კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

1 აგვისტოს იგორ დოდონმა განაცხადა, რომ 4 აგვისტოს სამი პარტია კომუნისტური პარტიის შესაძლო გაწევრიანების საკითხს განიხილავდა.

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარდება.