მოსამართლე, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აქტივისტსა და პედაგოგს ნინო დათაშვილს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა, ფიქრია სიქტურაშვილია. ის მოსამართლედ 2025 წლის ივლისში დაინიშნა და მუშაობის მხოლოდ 1-თვიანი გამოცდილება აქვს. ნინო დათაშვილის ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უკვე გაასაჩივრეს.

სავარაუდოდ, ნინო დათაშვილის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე მოაწერს ხელს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღრაძე სწორედ ის ექსპერტია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების ფსიქიატრიულ დასკვნებს წერდა. სავარაუდოდ ისაა მოხსენიებული საბჭოთა რეჟიმის მიერ, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უსაფუძვლოდ მოთავსებული და ნაწამები ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის მემუარებში.

ნინო დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. მას 21 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გუშინ, 2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დათაშვილისთვის პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და დათაშვილის 20 დღით ფსიქიატრიულში გადაყვანის ნებართვა გასცა, საფუძვლად კი პატიმარი ქალის ემოციური მდგომარეობა დაუდო. ადვოკატების თქმით, ემოციური ლაბილობა დათაშვილის ხერხემლის დაავადების სიმპტომია და ის არ შეიძლება ექსპერტიზის საფუძველი იყოს.