ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტს დღეს, 26 ნოემბერს წარუდგენს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჰეზბოლა" იგივე აღარ არის და ისრაელმა დაჯგუფება "ათი წლით უკან გადააგდო“.

"ჩვენ გავანადგურეთ რაკეტების და ჭურვების უმეტესი ნაწილი, ჩვენ მოვკალით ათასობით ტერორისტი, გავანადგურეთ მიწისქვეშა და ტერორისტული ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებზე. ეს ყველაფერი სამი თვის წინ ფანტასტიკას ჰგავდა, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილია ისრაელის ჯარისკაცების სიცოცხლის და უსაფრთხოების შენარჩუნება.

"ამიტომ დღეს საღამოს მე წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში.

"ისრაელი შეინარჩუნებს სრულ თავისუფლებას სამხედრო ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში, თუ "ჰეზბოლა" შეეცდება თავდასხმას", - განაცხადა მან.

"თუ "ჰეზბოლა" შეეცდება ჩვენზე თავდასხმას, თუ ისინი შეიარაღდებიან და აღადგენენ ინფრასტრუქტურას საზღვრის გასწვრივ, ჩვენ თავს დავესხმებით. თუ ისინი რაკეტებს გაუშვებენ, თუ ისინი გათხრიან დიდ გვირაბებს, ჩვენ თავს დავესხმებით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თუ ისრაელის ხელისუფლება შეთანხმებას დაამტკიცებს, ის ძალაში უკვე 27 ნოემბრიდან შევა.

ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში ლიბანში ჯარი ოქტომბერში შეიყვანა.