თვითმკვლელი ტერორისტი პაკისტანში მსუბუქი ავტომობილით სამხედრო კოლონას შეეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მოხდა. აფეთქების შედეგად ორი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ექვსი ბავშვი დაშავდა. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 20-ს აჭარბებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "თალიბანის" ტერორისტული ორგანიზაციის ადგილობრივმა დანაყოფმა აიღო.

AFP-ის შეფასებით, წლის დასაწყისიდან ხაიბერ-პახტუნხვასა და ბელუჯისტანში მთავრობასთან მებრძოლი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებს დაახლოებით 290 ადამიანი, ძირითადად უსაფრთხოების თანამშრომლები ემსხვერპლნენ.