უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი სცენარი ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების გაყინვაა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

კერძოდ, მას ჰკითხეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ უკრაინა მზადაა, გაყინოს ამჟამინდელ სიტუაცია ფრონტის ხაზზე, რაზეც პოდოლიაკმა შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ რეალისტურად ვისაუბრებთ, კი. ერთ-ერთი შესაძლო სცენარი ფრონტის ხაზზე გაყინვაა და პრეზიდენტი ამაზე საუბრობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო სცენართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი მიიღებს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების დონეზე. კერძოდ, არსებობს მკაფიო ხედვა და გაგება იმ რისკების შესახებ, რომლებიც რუსეთისგან კვლავაც იქნება.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან კარგი მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, მისი აზრით, პეკინსა და ტიანძინში მომხდარი მოვლენების შემდეგ, შეერთებული შტატები უფრო რეალისტურად შეხედავს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

Le Point-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის "კორეული სცენარი“ დაუშვა.

როგორც ცნობილია, კორეის ომის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს დადებულა, მაგრამ სამხრეთ კორეამ წარმატებას მიაღწია. ამ მაგალითზე კომენტარის გაკეთებისას ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა:

"მეკითხებით, შეიძლება თუ არა ეს სცენარი უკრაინაში მოხდეს? გეუბნებით, რომ ყველაფერი შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეას დიდი მოკავშირე ჰყავს: შეერთებული შტატები, რომელიც ჩრდილოეთ კორეას არ მისცემს მასზე კონტროლის აღების უფლებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მოდელის სრული გამეორება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სავარაუდოდ, უკრაინას არ შეეფერება. მიზეზი ის არის, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინისთვის საფრთხეები გაცილებით მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხრეთ კორეისთვის.

"მეორეს მხრივ, მისი ეკონომიკური მოდელი კარგი მაგალითია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.