რუსეთმა კურსკის ოლქის "განთავისუფლება“ გამოაცხადა, რასაც უკრაინის გენერალური შტაბი უარყოფს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება. ოპერატიული სიტუაცია რთულია, თუმცა ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ გარკვეული პოზიციების შენარჩუნებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს ყველა სახის იარაღიდან ეფექტურ ზიანს აყენებენ, მათ შორის აქტიური თავდაცვის ტაქტიკის გამოყენებით.

"დღის დასაწყისიდან "კურსკის" ძალების დაჯგუფების ოპერატიულ ზონაში მტრის ხუთი თავდასხმა მოიგერიეს და კიდევ ერთი ასეთი საბრძოლო შეტაკება კვლავ გრძელდება. ჩვენი დანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნულია კომენტარში.

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ მტრის ხელმძღვანელობის განცხადებები უკრაინული ჯარების ჯგუფის „დამარცხების“ შესახებ სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული ხრიკი და სურვილი, რომ სასურველი ფიქრები რეალობად წარმოაჩინონ.

"ჩვენი ჯარების აქტიური მოქმედებები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გარკვეულ რაიონებშიც გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

პუტინმა დღეს მოისმინა რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება და გამოაცხადა კურსკის ოლქის უკრაინელი სამხედროებისგან „გათავისუფლების“ ოპერაციის თითქოს "დასრულების“ შესახებ.

მისი თქმით, 26 აპრილს, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს რეგიონში ბოლო დასახლებული ადგილი - უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელი გორნალი.

გარდა ამისა, რუსეთმა პირველად საჯაროდ აღიარა ჩრდილოეთ კორეის ჯარების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ისინი კურსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ იბრძვიან.