ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს, – ამის შესახებ დღევანდელი აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა პროკურატურასთან განაცხადეს, სადაც სტუდენტებმა საკუთარი მიმართვა წაიკითხეს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა.

"მალე საქართველო სრულ კრიზისში აღმოჩნდება. გამოსავალი არის ძალების კონსოლიდირება. ერთიანი ძალა შევქმნათ, რომელიც დაამარცხებს „ქოცების“ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვის ვებრძვით: არჩევნების გაყალბების შემდეგ საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამყარა ავტორიტარიზმი, ქვეყანას მართავს რუსული ტიპის რეჟიმი. ერთადერთი გამოსავალი მათი ერთობლივი ძალებით ქვეყნიდან გაძევებაა. ხედავთ, როგორ აწყობენ ცირკს სასამართლოებში. „ქართული ოცნება“ აპირებს მოქალაქეების წლობით ციხეში გამოკეტვას. გააუქმებენ ყველა თავისუფალ პარტიას, ყველა კრიტიკულ მედიას. მოსპობენ სამოქალაქო სექტორს, ყველა მოქალაქეს დევნა და დაპატიმრება გველის, თუ არ ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ და უშიშრად. გახსოვდეთ, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული. ყველამ კარგად გაიგოს და მოისმინოს: ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს. ჩვენი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა. ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს და არავითარი ვაჭრობა და მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. ერთობის გზა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – აცხადებენ სტუდენტები.

დღეს, მეტროსადგურ დიდუბიდან საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.