უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის მიერ Patriot-ის რაკეტების მარაგის სულ რაღაც 5%-ის გადაცემა ან მიყიდვა უკრაინას მომავალი ზამთრის გადატანის შესაძლებლობას მისცემს და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს იმ საჭირო რაკეტების მხოლოდ მეათედი ნაწილი, რომლებიც აშშ-მა უნდა მიაწოდოს რუსეთის გახშირებული თავდასხმების შესაკავებლად.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, Patriot-ის რაკეტების მიმდინარე მარაგების ერთი მეათედი ნაწილი საკმარისი იქნებოდა ყველა რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად, 5% კი საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ ზამთარი გადაიტანოს.

"თუ აშშ 5%-ს მოგვყიდის, ზამთარს გადავურჩებით და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 10%-ს, რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. მე 1% მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობს ყოველდღიურად უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის შოვნას. მისი თქმით, ამისთვის მას უამრავი სატელეფონო ზარის განხორციელება უწევს.

"აი, რით ვცხოვრობ ყოველდღე: 1%-დან 5%-მდე. თვეების განმავლობაში მილიონობით ზარის განხორციელება მიწევს... ვცდილობ, რაღაცები რაკეტებზე გადავცვალო... ვაკეთებ ისეთ რამეებს, რასაც ვერც კი გავამჟღავნებ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანონოა, მაგრამ უბრალოდ ამაზე საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება, რომელიც უკრაინას Patriot-ის საკუთარი რაკეტების შექმნის უფლებას მისცემს.

"იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რაც კი ამ ომის დაწყებიდან მქონია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ერთი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინამ შესაძლოა, მიიღოს ლიცენზია Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის. თუმცა მალევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს საერთოდ არ მოხდეს.

ამასთან, The Atlantic-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავად ამერიკელი Patriot-ის მწარმოებლები ერიდებიან უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემას. ისინი შიშობენ, რომ კიევს შეუძლია გააუმჯობესოს რაკეტები და გახადოს ისინი უფრო იაფი და სწრაფი წარმოებისთვის.