უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ფორმატში ორი სატელეფონო საუბარი გამართეს. მათ განიხილეს ცეცხლის შეწყვეტა და აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ბრიფინგზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს პრეზიდენტ ტრამპთან ორი სატელეფონო საუბარი მქონდა სხვადასხვა ფორმატში. პირველი სატელეფონო საუბარი იყო იმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს არის, პრინციპში, უპირობო საკითხები, რომლებიც განვიხილეთ სტამბოლში და მუდმივად აქამდეც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

განხილვის მეორე თემა იყო აშშ-ის მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზული სანქციები გაატაროს.

ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, იფიქროს ამაზე და სანქციები დააწესოს, თუ რუსეთი ომის დასრულებას არ დაუჭერს მხარს და არ მოისურვებს ომის დასრულებას.

"მესამე - პუტინთან საუბრის წინ ვთხოვე, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ჩვენ შევთანხმდით, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ გვექნებოდა კონტაქტი. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, ერთ საათზე მეტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეორე საუბრის დროს ზელენსკის და ტრამპს საუბარში შეუერთდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"ასეთი საუბარი გვქონდა. საუბარი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო. როგორც გავიგე, პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მისი პოზიციაა, მან ეს აჩვენა. ამაზე დიდხანს ვისაუბრეთ. საბოლოო ჯამში, ის მიიჩნევს, რომ რუსული მხარე მისცემს შესაბამის სიგნალებს, როგორც ხედავენ, თუ როგორ შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტა და მათი ხედვის შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 19 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

ტრამპის თქმით, რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ პუტინთან მისი საუბარი შესანიშნავი იყო და რუსეთს სურს შეერთებულ შტატებთან მასშტაბური ვაჭრობის წარმოება მას შემდეგ, რაც „ეს კატასტროფული „სისხლის ღვრა“ დასრულდება და ის ეთანხმება".

ტრამპთან საუბრის შემდეგ პირველი განცხადებები გააკეთა პუტინმაც და განაცხადა, რომ მათი საუბარი "მნიშვნელოვანი და სასარგებლო“ იყო.

"რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, თუმცა აუცილებელია მშვიდობისკენ სწრაფვის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საუბრის დროს ტრამპმა უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოთქვა. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე იმუშაოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს“.