უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. 

"ჩვენ განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსებმა გამოგზავნეს დაბალი დონის დელეგაცია, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. მე დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა რეალური დიპლომატიისთვის და ხაზი გავუსვი სწრაფი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე, ორმხრივ ვაჭრობაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ტყვეების მომავალ გაცვლაზე.

"რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ის მზად არ იქნება ომის შესაჩერებლად. და, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

მადლობა მთელ ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და სიცოცხლის გადარჩენის საქმეში ლიდერობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.