ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას ითვალისწინებს.

რეზოლუციას 114 მომხრე და 13 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

"დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეების განმავლობაში;

გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;

ამავდროულად, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გმობის აშკარა ნიშნად, რასაც აქამდე ხელისუფლების რეაქცია არ მოჰყოლია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქართული დელეგაციის წევრების შემდეგი უფლებები:

უფლება, იყოთ შემდეგი კომიტეტების სრულუფლებიანი წევრი ან შემცვლელი: პოლიტიკური და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და რეგლამენტის, იმუნიტეტების და ინსტიტუციურ საკითხთა კომიტეტი;

უფლება, იყვნენ არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრები;

მომხსენებლად დანიშვნის უფლება;

უფლება, იყვნენ ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატი;

უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით, და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.

ასამბლეას შესაძლებლობა ექნება გადახედოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს, მათ შორის ზემოაღნიშნული უფლებების შეჩერებას, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პუნქტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის ფონზე, მისი რეგლამენტის მე-9 წესით გათვალისწინებული პირობებით", - აღნიშნულია რეზოლუციაში.