"ისტორიული ეპოქაა, როდესაც რეალური მშვიდობის გარანტიების წამოღების შესაძლებლობა აქვს მათ შორის საქართველოსაც – აშშ-ის ჩართულობა და ევროპული ლიდერების ერთიანობა გვიჩვენებს, რომ უკრაინა მარტო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები როგორც აშშ-ის პრეზიდენტისგან, ისე უკრაინის პრეზიდენტისგან და რაც მთავარია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიებზე და არა ერთი ან ორწლიანი მშვიდობის გარანტიებზე. ასევე აღნიშნულია, რომ ეს მშვიდობა დამყარდება კონკრეტული გარანტიებით და პირველად წლების განმავლობაში საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩართულობაც შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ევროპელი ლიდერების მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეს არის მთლიანად დასავლური სამყაროს უსაფრთხოების საკითხი. კმაყოფილი დარჩა როგორც უკრაინული, ისე ევროპული და პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ელოდება იმ შეხვედრას, რომელიც უნდა ჩატარდეს ვლადიმერ პუტინსა და ზელენსკის შორის, მაგრამ ასევე საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ეს არა სამმხრივი, არამედ ოთხმხრივი შეხვედრა უნდა იყოს, რომელსაც ევროპელი ლიდერები დაესწრებიან. შესაბამისად, უკიდურესად პოზიტიურად ჩაიარა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უკრაინა არ არის მარტო, მთელი ევროპული ცივილიზაცია დგას მის გვერდით და ამერიკულმა საზოგადოებამაც კარგად დაინახა რა სინერგია შეუძლია მოიტანოს ამ ერთიანობამ.

სამწუხაროა, რომ იმ პროპაგანდის პირობებშიც კი, სადაც “ოცნება” აპირისპირებს ევროპელობას და კავკასიელობას და ჩვენი აზრით ქართველობა, ევროპელობა და კავკასიელობა ეს არის ზუსტად ის ურთიერთთანხვედრაში მყოფი სამი მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც ერთმანეთთან აბსოლუტურად ჰარმონიულად შეიძლება არსებობდეს, ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპული უსაფრთხოების კონტურების გამოკვეთის დროსაც ქართული მხარე არსად არ მონაწილეობს და კავკასიის და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონტურების გამოკვეთის დროსაც არსად არ მონაწილეობს და როგორც ჩანს ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, რადგან ისტორიული ეპოქაა ნამდვილად, როდესაც რეალური მშვიდობის გარანტიების წამოღების შესაძლებლობა აქვს მათ შორის საქართველოსაც და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავს”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.