სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 0.5 პროცენტი, ანუ 4.7 ათასი კაცით გაიზარდა და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.5 პროცენტით, ანუ 29.3 ათასით შემცირდა და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 3.6 პროცენტით, ანუ 7.9 ათასით გაიზარდა და 227.6 ათასი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.1 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და 46.4 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 0.3 პროცენტული პუნქტით და 0.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 46.5 პროცენტს და 46.3 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და, შესაბამისად, 12.2 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია კაცებში.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 43.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.