კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის თანახმად, მოსახლეობის მოსახლეობის 78% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი იქნება.

კვლევის მიხედვით, "მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები, ქალები და დედაქალაქში მცხოვრებნი უფრო მეტად ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებისთვის ცუდი და დამაზიანებელი იქნება, ამ მხრივ საზოგადოება საკმაოდ ერთსულოვანია და დემოგრაფიულ ჯგუფებს შორის დიდი განსხვავებები არ გამოიკვეთა".

იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, გამოკითხულთა უმრავლესობა ამაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ეს პასუხი გამოკითხულთა 51%-მა გასცა.

თავად ევროკავშირს ამაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ 13% აკისრებს, ოპოზიციას კი - 5%.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა.

ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.